ანალიტიკა

რა ქმნის ინფლაციას? – ფასების ცვლილების მთავარი კომპონენტები

2025 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა (წყარო: საქსტატი). ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებისა და მომსახურებების საშუალო ფასები გასული

რა ქმნის ინფლაციას? – ფასების ცვლილების მთავარი კომპონენტები

2025 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა (წყარო: საქსტატი). ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებისა და მომსახურებების საშუალო ფასები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა. თუმცა, ფასების ზრდა ერთნაირად არ არის განაწილებულიზოგიერთი კატეგორია უფრო მეტად გაძვირდა, ზოგი კი შედარებით სტაბილურია.

თუ შევხედავთ ინფლაციის შემადგენლობას, ვნახავთ, რომ ამჟამად ის ძირითადად სურსათისა და სასმელების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, ასევე მომსახურების ფასების ზრდით არის განპირობებული. ეს კატეგორიები მომხმარებელთა ხარჯვის სტრუქტურაში მნიშვნელოვან წილს იკავებს, რადგან ისინი ყოველდღიური საჭიროებაა. წინა წლებში ინფლაციის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ტრანსპორტი და საწვავი იყო, მაგრამ მათი გავლენა შემცირდა, ხოლო სურსათისა და მომსახურებების წილი გაიზარდა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 3.7%-ით გაიზარდა. ამ ჯგუფში შედარებით დიდი ზრდა დაფიქსირდა ზეთსა და ცხიმზე, რომლის ფასიც წლიურად 15%-ით არის მომატებული. ყავა, ჩაი და კაკაო 11%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული 10%-ით. ცალკეული პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი გაძვირება კომბოსტოს შემთხვევაში დაფიქსირდა, რომლის ფასიც 73%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა იყო ნიორზე 23%-ით, კარტოფილზე 11%-ით.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 5%-ით გაიზარდა წლიურად. ეს კატეგორია ასევე მნიშვნელოვან წილს იკავებს მომხმარებელთა ხარჯვით კალათაში. იმპორტირებული სიგარეტის ფასი 3%-ით არის მომატებული.

ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინფლაციის მაჩვენებელზე. ამ ჯგუფში ფასები 5.4%-ით გაიზარდა. სამედიცინო მომსახურება ყველა ასაკის მომხმარებლისთვის აუცილებელი კატეგორიაა და მისი გაძვირება განსაკუთრებით მძიმე ტვირთი ხდება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც რეგულარული მკურნალობა ესაჭიროებათ. საავადმყოფოს მომსახურება 8%-ით არის გაძვირებული, რაც აისახება როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ მკურნალობაზე. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასი 7%-ით გაიზარდა, რაც ექიმთან კონსულტაციებსა და სხვადასხვა კვლევებზე დამატებითი ხარჯების ზრდას ნიშნავს. მედიკამენტების კატეგორიაში ტკივილგამაყუჩებლების ფასები 19%-ით არის გაზრდილი, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ღირებულება 10%-ით.

მოსახლეობის ხარჯვით კალათაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა მომსახურებასაც. დაზღვევის ფასები 13%-ით გაიზარდა, რაც გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც კერძო დაზღვევას იყენებენ. ასევე, სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურება 7%-ით გაძვირდა, რაც ტურიზმის და დასვენების ხარჯებზე აისახება.

ინფლაციის სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. 2023 წლის პირველ ნახევარში ფასების ზრდაზე ყველაზე დიდ გავლენას ტრანსპორტისა და საწვავის ფასების ცვლილებები ახდენდა, რადგან საწვავი ყველა მომხმარებლისთვის აუცილებელი ხარჯი იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ ჯგუფების წვლილი ინფლაციაში შემცირდა, ხოლო სურსათისა და მომსახურებების ფასების ზრდამ უფრო დიდი როლი შეითავსა.