რატომ იწყება AI-ის დანერგვა მარკეტინგით? — ბიზნესის პირველი ნაბიჯები საქართველოში
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები სულ უფრო ხშირად ხვდებიან კომპანიების დღის წესრიგში, თუმცა ამ პროცესს თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე გზა

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები სულ უფრო ხშირად ხვდებიან კომპანიების დღის წესრიგში, თუმცა ამ პროცესს თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე გზა აქვს — მარკეტინგი ხდება დანერგვის პირველი სფერო. საქართველოშიც ეს ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა. საქსტატის მიხედვით, იმ კომპანიებს შორის, რომლებიც უკვე იყენებენ AI-ს, ყველაზე მაღალი წილი — 35% — სწორედ მარკეტინგსა და გაყიდვებზე მოდის. შედარებისთვის, ადამიანური რესურსების მართვაში მისი გამოყენება დაფიქსირდა მხოლოდ 19%-ში, ბიზნეს ადმინისტრირებაში — 22%-ში, ლოჯისტიკასა და წარმოებაში კი მხოლოდ 16-17%-ში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები იმ მცირე ნაწილის სტატისტიკაა, ვინც საერთოდ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. BTU-ს 2025 წლის კვლევაში გამოჩნდა, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერჯერობით რამდენიმე დიდ კომპანიაზეა კონცენტრირებული და ზოგადად, ფირმების მცირე ნაწილში იგრძნობა რეალური ინტეგრაცია. თუმცა სწორედ ამ მცირე წილში მარკეტინგი თითქმის ყოველთვის პირველია.
მარკეტინგში AI-ის ინტეგრაცია ლოგიკურიცაა — ეს სფერო პირდაპირ უკავშირდება მონაცემთა ანალიზს, მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებასა და ავტომატიზაციას, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის ბუნებრივად შესაფერისია. ამასთანავე, ხელმისაწვდომია მრავალი მზა სერვისი და პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აადვილებს ინტეგრაციას — იქნება ეს რეკლამის ოპტიმიზაცია, კონტენტის გენერირება თუ სოციალური მედიის ანალიტიკა.
BTU-ს კვლევა აჩვენებს, რომ AI ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტარტაპების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მარკეტინგულ პლატფორმებზე მუშაობს. მაგალითად, კომპანია Brandwise ქმნის კონტენტის გენერაციისა და სოციალური მედიის ანალიტიკის სისტემებს, ხოლო DataMind ამუშავებს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ანალიტიკისა და ავტომატიზაციისთვის. ასევე აღსანიშნავია DM’s AI, რომელიც ქმნის ჭკვიან ჩატბოტებს და მომხმარებელთან კომუნიკაციის ავტომატიზაციას ახდენს. ანუ ტექნოლოგიური სტარტაპები პირველ რიგში სწორედ იმ სფეროში იქმნებიან, სადაც მოთხოვნაც უფრო მაღალია.
მაგრამ თუ AI-ის გზა მარკეტინგით იწყება, სად გადაინაცვლებს შემდეგ? გლობალურად უკვე შეინიშნება ტენდენცია, რომ მეორე ეტაპზე აქტიურდება მისი გამოყენება ფინანსურ სექტორში, მომხმარებლის მხარდაჭერაში, წარმოების პროცესებში და ლოჯისტიკაში. საქართველოში ეს ტალღა ჯერ შედარებით ახალია, თუმცა, სტარტაპების ნაწილი უკვე იწყებს მოქმედებას ამ მიმართულებებითაც და ქმნიან მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზაციის და ავტომატური გადაწყვეტილებების პლატფორმებს ფინანსური სექტორისთვის.
თუმცა ამ სფეროებში AI-ის დანერგვას მეტი რესურსი და მაღალი დონის ინტეგრაცია სჭირდება, რაც მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ჯერ კიდევ რთული მისაღწევია. ასევე აღსანიშნავია, რომ ცოდნა და საკადრო რესურსები ამ მიმართულებებით ნაკლებია, ვიდრე მარკეტინგში — რაც აგრეთვე აფერხებს ტექნოლოგიის გავრცელებას.
ამ ეტაპზე აშკარაა, რომ საქართველოში AI ბიზნესის დონეზე პირველად თავს იჩენს მარკეტინგსა და გაყიდვებში — იქ, სადაც ეფექტი სწრაფად ჩანს და დანერგვა შედარებით მარტივია. თუმცა სტარტაპების მრავალფეროვნება და ტექნოლოგიებზე ინტერესი უკვე მიანიშნებს, რომ მომდევნო წლებში ინტელექტუალური სისტემები სხვაგანაც გადაინაცვლებს — პირველ რიგში ფინანსურ, ანალიტიკურ და ოპერაციულ ფუნქციებში.
სრული კვლევა — „AI სექტორი საქართველოში: მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო პოტენციალი“ ხელმისაწვდომია ბმულზე.