ანალიტიკა

რატომ არ ნიშნავს მეტი მუშაობა მეტ პროდუქტიულობას?

საქართველოში, შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო კვირა 40 საათს შეადგენს, რაც დღეში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის

რატომ არ ნიშნავს მეტი მუშაობა მეტ პროდუქტიულობას?

საქართველოში, შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო კვირა 40 საათს შეადგენს, რაც დღეში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო სამუშაო საათები კვირაში 41.5 საათია. ეს მიუთითებს, რომ რეალურად, ბევრი ადამიანი კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აჭარბებს, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც კონკურენცია და პროექტების დროული შესრულება ხშირად დამატებით საათებს მოითხოვს.

ზოგიერთ ინდუსტრიაში სამუშაო საათების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. მაგალითად, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ადმინისტრაციული მომსახურება და სახელმწიფო მმართველობა ისეთ სექტორებს წარმოადგენენ, სადაც კვირაში საშუალო სამუშაო დრო ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებულებისთვის გადაღლილობისა და სტრესის რისკი კიდევ უფრო დიდია, რაც მათ პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე აისახება.

ხანგრძლივი სამუშაო საათები ხშირად იწვევს გადაღლას და სტრესს, რაც არამარტო ამცირებს პროდუქტიულობას, არამედ ზრდის შეცდომების რაოდენობას. გამოფიტვა (burnout) სერიოზული პრობლემაა, რომელიც საბოლოოდ აზარალებს როგორც ადამიანს, ისე მთლიან კომპანიას. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ კონცენტრაციისა და ენერგიის ლიმიტი და გადაჭარბებული მუშაობა ამ რესურსებს უფრო სწრაფად აცლის.

საქართველოში ხშირად გვესმის ისტორიები, სადაც ადამიანები იმით ამაყობენ, რომ ღამის 2-3 საათამდე მუშაობენ და დასვენებისთვის დრო არ რჩებათ. თუმცა, სწორედ ეს მიდგომაა იმის მიზეზი, რომ შემდეგ დღეს ისინი ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ბევრ ქართულ კომპანიაში არ არის მიღებული, რომ თანამშრომლებმა აიღონ შესვენება ან დღის გარკვეული მონაკვეთი განკუთვნონ ფოკუსირებულ სამუშაოდ ზედმეტი შეხვედრებისა და გაუთავებელი ტელეფონების გარეშე.

პროდუქტიულობა იწყება სწორი დაგეგმვით. თუ ადამიანი იცის, რა არის მისი დღის მთავარი ამოცანა, ნაკლებად დაკარგავს დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ინტენსიური მუშაობის შემდეგ აუცილებელია მცირე შესვენებები, რადგან ტვინი ვერ ინარჩუნებს მაქსიმალურ კონცენტრაციას უწყვეტად. ისეთი მეთოდები, როგორიცაა Pomodoro ტექნიკა (25 წუთი ინტენსიური სამუშაო, 5 წუთი შესვენება), ბევრს ეხმარება დროის სწორად განაწილებაში.

თუ ადამიანი 10 საათს მუშაობს, მაგრამ რეალურად 5 საათს არაეფექტურად იყენებს, ეს ნაკლებ შედეგს იძლევა, ვიდრე კონცენტრირებული 6-7 საათიანი ნაყოფიერი შრომა. ქართულ ბიზნესში მნიშვნელოვანია გააზრება, რომ შრომისმოყვარეობა და პროდუქტიულობა არ ნიშნავს დაუსრულებელ სამუშაო საათებს. რეალური წარმატება იმაშია, რომ ვისწავლოთ დროის ეფექტური გამოყენება და ოპტიმალური შედეგის მიღება ნაკლები ძალისხმევით, მაგრამ ჭკვიანური მიდგომით.