ანალიტიკა

ნულოვანი ნარჩენი, ბუნებრივი საღებავები და სოციალური საწარმოები — საქართველოში მწვანე მოდის მომავლის შემქმნელი ნიშური ბრენდები

საქართველოში მწვანე მოდის განვითარებაში ნიშური ბრენდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი მცირე მასშტაბით მუშაობენ, მაგრამ ქმნიან პრაქტიკებს, რომლებიც აერთიანებს გარემოსდაცვით

ნულოვანი ნარჩენი, ბუნებრივი საღებავები და სოციალური საწარმოები — საქართველოში მწვანე მოდის მომავლის შემქმნელი ნიშური ბრენდები

საქართველოში მწვანე მოდის განვითარებაში ნიშური ბრენდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი მცირე მასშტაბით მუშაობენ, მაგრამ ქმნიან პრაქტიკებს, რომლებიც აერთიანებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, სოციალურ ჩართულობას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი მთელ მოდის ინდუსტრიაში მცირეა და ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობა შეზღუდული რჩება, ეს კომპანიები ქმნიან მოდელებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება იქცეს სექტორის სტრუქტურულ ცვლილებად.

ნულოვანი ნარჩენის მიდგომას საქართველოში საუკეთესოდ ავითარებს George Keburia, რომელიც „made-to-order“ ანუ შეკვეთაზე მორგებული წარმოების სისტემას იყენებს. ამ მეთოდის არსი ისაა, რომ თითოეული ნივთი იწარმოება მხოლოდ კონკრეტული შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, რის შედეგადაც თავიდან აიცილება ზედმეტი მარაგის დაგროვება და რესურსების ფუჭი ხარჯვა. ბრენდი ასევე იყენებს ორგანულ და გადამუშავებულ ქსოვილებს, ქიმიკატების გარეშე დამზადებულ მასალებს და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვას. ასეთი მოდელი არა მხოლოდ ამცირებს ნარჩენებს, არამედ ქმნის გამჭვირვალე და პასუხისმგებელ წარმოების ჯაჭვს. საქართველოში, მაღალი ფასი და შეზღუდული რაოდენობა ამ პროდუქტს მასობრივი მომხმარებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის, რის გამოც მისი ძირითადი გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე მოდის.

ბუნებრივი საღებავების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Tamuna Ingorokva- და Colours of Caucasus-ის თანამშრომლობამ, სადაც ტანსაცმელი შეღებილია მცენარეული და მინერალური პიგმენტებით. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიური საღებავების გამოყენებას, რომლებიც ხშირად მძიმე მეტალებსა და ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, და ამავდროულად აღადგენს ტრადიციულ ქართულ ქსოვილის შეღებვის ტექნიკებს. ბუნებრივი საღებავების მოდელი ითვალისწინებს ნედლეულის შეგროვებას ადგილობრივი ბოტანიკური რესურსებიდან და მისი დამუშავების პროცესში წყლისა და ენერგიის ეკონომიას. Colours of Caucasus-ის დამფუძნებელი ნინო იოსელიანი გეგმავს “dye-house”-ების გახსნას რეგიონებში, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები ქალებისთვის და შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კოლექციები საერთაშორისო ბაზარზე ინტერესს იწვევს, ადგილობრივ ბაზარზე ისინი ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული.

ხელნაკეთი და მცირე პარტიებით წარმოების მიმართულებაში ლიდერებად გვხვდებიან Tatuna და Mella, რომლებიც „slow fashion“-ის პრინციპებს მისდევენ. ნელი მოდის კონცეფცია გულისხმობს მაღალხარისხიანი და ხანგრძლივი ცვეთადობის მქონე ტანსაცმლის შექმნას, სადაც დიზაინი გრძელვადიან სტილზეა დაფუძნებული და არა სწრაფად ცვალებად ტენდენციებზე. Tatuna- კოლექციები იქმნება ხელით, დეტალური ესკიზებით და ჭრის ტექნიკით, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ქსოვილის ნარჩენს. Mella კი წინა კოლექციების დარჩენილ ქსოვილებს აქცევს აქსესუარებად, რითაც ახანგრძლივებს მასალის სიცოცხლის ციკლს. მცირე მასშტაბის წარმოება ამცირებს ენერგო და წყლის ხარჯვას, თუმცა პროდუქტის ფასი მაინც რჩება მაღალი, რაც ფართო გაყიდვებს ზღუდავს.

სოციალური საწარმოების და ინკლუზიური მოდის სფეროში განსაკუთრებულად გამოირჩევა Leader/Lemo და Kombinizona. Leader/Lemo მოქმედებს გორში და ამზადებს ბავშვთა ტანსაცმელს ნულოვანი ნარჩენის პრინციპით. საწარმო აგროვებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა კომპანიების ჭრის ნარჩენებს და მათ ახალ პროდუქტად აქცევს. დასაქმებულთა უმრავლესობა ქალებია მოწყვლადი ჯგუფებიდან, რაც ამ მოდელს სოციალურ ღირებულებას სძენს. Kombinizona კი აწარმოებს ადაპტირებულ ტანსაცმელს ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, შემოსავლის 30%- სოციალური პროექტებისთვის მიმართავს. ასეთი ინკლუზიური მიდგომა ზრდის როგორც სოციალური ინტეგრაციის, ასევე ეკონომიკური ჩართულობის დონეს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები ჯერ კიდევ შეზღუდულია.

“აპსაიკლინგისა” და მეორადი მასალების გამოყენებაში ერთერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება LEM, რომელიც მორჩენილ ქსოვილებს, მეორად ტყავს და უკვე გამოყენებულ მასალებს ახალ პროდუქტად აქცევს. აპსაიკლინგის მოდელი გულისხმობს არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას ისე, რომ მათ დაემატოს ახალი ღირებულება. ეს ამცირებს ნედლეულის წარმოების საჭიროებას და გარემოზე დატოვებულ კვალს. LEM ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ტანსაცმლის შეკეთების სერვისს და აწვდის პროდუქციას ხელახალი გამოყენების პაკეტებში. მისი მთავარი ბაზარი კვლავ უცხოეთია, რადგან ადგილობრივ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ იძენს პროდუქტს მაღალი ფასის და შეზღუდული პარტიების გამო.

ამ ბრენდების გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოში მწვანე მოდის განვითარების სხვადასხვა გზა არსებობსნულოვანი ნარჩენი, ბუნებრივი საღებავები, ნელი მოდა, სოციალური საწარმოები და აპსაიკლინგი. მიუხედავად ამისა, მათი მასშტაბი მცირეა და ადგილობრივ ბაზარზე არსებობენ ფასისა და ხელმისაწვდომობის ბარიერების პირობებში, რის გამოც ექსპორტი რჩება მათი მთავარი განვითარების მიმართულებად.