კლებულობს თუ არა სიღარიბე საქართველოში? რას გვაჩვენებს 2024 წლის სტატისტიკა
შემცირდა თუ არა სიღარიბე საქართველოში ბოლო წლებში? ოფიციალური მონაცემები გარკვეულ გაუმჯობესებას აჩვენებს, თუმცა კითხვაზე, ყველას ეხება თუ არა ეს

შემცირდა თუ არა სიღარიბე საქართველოში ბოლო წლებში? ოფიციალური მონაცემები გარკვეულ გაუმჯობესებას აჩვენებს, თუმცა კითხვაზე, ყველას ეხება თუ არა ეს ცვლილება, პასუხი არც მარტივია და არც ერთმნიშვნელოვანი. სიღარიბის შესაფასებლად ორი ძირითადი მაჩვენებელი გამოიყენება — აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბე — და ორივე განსხვავებულ ისტორიას გვიამბობს.
2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე — ანუ მოსახლეობის წილი, ვინც საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს — 9.4% იყო. ეს ბოლო ათწლეულის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს და თითქმის ნახევარია 2015 წლის მონაცემთან შედარებით, როცა სიღარიბის დონე 20%-ს აჭარბებდა. კლება განსაკუთრებით შესამჩნევია ბავშვებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, თუმცა სწორედ ამ ჯგუფებში რჩება მაჩვენებელი ყველაზე მაღალი: სოფლად — 11.9%, ქალაქებში კი — 7.8%.
ასაკობრივი ჭრილი გვაჩვენებს, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი 12.1%–ს შეადგენს, რაც სამუშაო ასაკის მოსახლეობასა (9.3%) და ხანდაზმულებთან (6.7%) შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ეს ნიშნავს, რომ სიღარიბის რისკი ყველაზე მეტად ბავშვებსა და მათ ოჯახებს აწვება.
მაგრამ აბსოლუტური სიღარიბის კლება სრულ სურათს არ გვაძლევს. ფარდობითი სიღარიბე, რომელიც მოსახლეობის იმ ნაწილს ითვლის, ვინც საშუალოზე ბევრად ნაკლებს მოიხმარს (მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლები) 2024 წელს 18.9% იყო. მათგან კიდევ უფრო მოწყვლადია ის 6.7%, ვისი მოხმარება მედიანურის 40%-ზე დაბალია — ეს უკვე ეკონომიკური გარიყვასთან მიახლოებული მდგომარეობაა.
ფარდობით სიღარიბეზე გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაც. 2024 წელს ჯინის კოეფიციენტი, რომელიც უთანასწორობის საერთაშორისოდ აღიარებული მაჩვენებელია, საქართველოში 0.35 იყო. ეს სუბიექტურად უმნიშვნელო ცვლილებაა წინა წელთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვანია გრძელვადიან ჭრილში: 2015 წელს მაჩვენებელი 0.37 იყო, 2019-ში კი 0.34-მდე შემცირდა. პანდემიის შემდეგ პროგრესი შეჩერდა და უკვე მესამე წელია, ცვლილება ფაქტობრივად არ ფიქსირდება.
შედარებისთვის, ევროკავშირის საშუალო ჯინის მაჩვენებელი 2023 წელს დაახლოებით 0.30 იყო. სკანდინავიური ქვეყნების — მაგალითად, შვედეთისა და ნორვეგიის — მონაცემები ხშირად 0.25-ზე დაბალია, რაც მიუთითებს გაცილებით თანაბარ შემოსავლების განაწილებაზე. განვითარებად ქვეყნებში კი, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში ან სუბ–საჰარულ აფრიკაში, მაჩვენებელი 0.45-0.50-ის ფარგლებში მერყეობს. ამ ფონზე საქართველო საშუალოზე მაღალ უთანასწორობის მქონე ქვეყნად რჩება, თუმცა განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით კვლავ ჩამორჩება.
სიღარიბის მაჩვენებლების გაუმჯობესება თვალსაჩინოა, მაგრამ სოციალური უთანასწორობა და ფარდობითი სიღარიბე იმ პრობლემებად რჩება, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე ვერ მოიხსნება. სიღარიბის დონე იკლებს — მაგრამ როგორ ნაწილდება ეს პროგრესი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი მხოლოდ რიცხვების მიღმა ჩანს.