ანალიტიკა

კვანტური კომპიუტერები: ციფრული რევოლუციის ახალი ეტაპი თუ მსოფლიო უსაფრთხოების ახალი გამოწვევა?

რას იტყოდით, თუ გეტყოდით, რომ არსებობს ისეთი ტიპის კომპიუტერი, რომელიც წამებში ასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ჩვეულებრივი სუპერკომპიუტერი ათასობით წელს

კვანტური კომპიუტერები: ციფრული რევოლუციის ახალი ეტაპი თუ მსოფლიო უსაფრთხოების ახალი გამოწვევა?

რას იტყოდით, თუ გეტყოდით, რომ არსებობს ისეთი ტიპის კომპიუტერი, რომელიც წამებში ასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ჩვეულებრივი სუპერკომპიუტერი ათასობით წელს ანდომებს? 2025 წელს ეს რეალობა უკვე აქ არის – თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. კვანტური ტექნოლოგია ბოლო დროს მსოფლიოს ტექნოლოგიური პროგრესის ცენტრალურ თემად იქცა და საზოგადოებასა თუ მეცნიერებს შორის მისი შესახებ დისკუსია სულ უფრო აქტიურდება. მაგრამ რას წარმოადგენს რეალურად კვანტური კომპიუტერი და რატომ იქცა ის ციფრული სამყაროს ყველაზე დიდ იმედად და ერთდროულად – საფრთხედ?

კვანტური კომპიუტერის არსის უკეთ გასაგებად, აუცილებელია ჯერ შევადაროთ ის ტრადიციულ კომპიუტერს. თანამედროვე კომპიუტერების მუშაობის პრინციპი ეფუძნება „ბიტებს“ (bits), რომელთა მდგომარეობა მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – 0 ან 1. ნებისმიერ დავალებას, იქნება ეს ვიდეოს ყურება თუ რთული კალკულაციები, თქვენი კომპიუტერი სწორედ ამ ორ მდგომარეობას შორის სწრაფი გადასვლით აგვარებს.

მაგრამ კვანტური კომპიუტერის შემთხვევაში საქმე უფრო რთულად და ამავდროულად – ბევრად უფრო საინტერესოა. აქ მთავარი ერთეული არა ბიტი, არამედ კუბიტია (qubit), რომელიც კვანტური მექანიკის უნიკალურ თვისებას იყენებს – „სუპერპოზიციას“. სუპერპოზიცია ნიშნავს, რომ კუბიტს შეუძლია ერთდროულად იყოს როგორც 0-ის, ასევე 1-ის მდგომარეობაში, სანამ კონკრეტულ გაზომვას არ ჩავატარებთ. სწორედ ეს უნიკალური თვისებაა, რაც კვანტური კომპიუტერის უპირატესობას განაპირობებს.

წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ თქვენი პაროლი ოთხნიშნაა და შედგება მხოლოდ 0 და 1 რიცხვებისგან. ჩვეულებრივ კომპიუტერს, ამ პაროლის გასატეხად, მოუწევს ყველა კომბინაციის ცალ-ცალკე გამოცდა (სულ 16 შესაძლო კომბინაცია). ეს ამოცანა მარტივია, მაგრამ როდესაც პაროლის სიგრძე იზრდება (მაგალითად, 30-ნიშნიანი პაროლი), კომბინაციების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება – მილიარდობით ვარიანტამდე – და მის ამოხსნას ათწლეულები სჭირდება, რადგან კლასიკური კომპიუტერი თითოეულ ვარიანტს თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოწმებს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ კვანტური კომპიუტერის ერთ კუბიტს შეუძლია ამ ყველა ვარიანტის ერთდროულად შემოწმება. ეს ნიშნავს, რომ მისი დამუშავების შესაძლებლობა ექსპონენციალურად იზრდება თითოეული დამატებული კუბიტით. მაგალითად, IBM-ის ბოლო მოდელის, „Quantum Eagle II“-ის შემთხვევაში, რომელიც 400 კუბიტისგან შედგება, ერთდროულად შესაძლებელი ხდება იმდენი ვარიანტის გათვალისწინება, რომლის დასაწერად სამყაროში არსებული ყველა ატომიც კი არ იქნება საკმარისი.

ამ შთამბეჭდავი უპირატესობის მიუხედავად, დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებს ჯერაც სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ხელს უშლის მათ ფართო გამოყენებას. ყველაზე მწვავე მათ შორის არის „დეკოჰერენციის“ ფენომენი. ეს იმას ნიშნავს, რომ კუბიტი ძალიან მგრძნობიარეა გარე ზემოქმედებების მიმართ – ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება, პატარა ვიბრაცია ან რადიაციის უმცირესი დოზა საკმარისია კვანტური სისტემის მთლიანობის დასარღვევად. ამიტომაც დღესდღეობით ეს კომპიუტერები მუშაობენ ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე, თითქმის აბსოლუტური ნულის (-273°C) პირობებში, რაც კომერციული გამოყენებისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.

დღეისთვის, კვანტური ტექნოლოგიების პოტენციალი მართლაც დიდია სხვადასხვა სექტორში, თუმცა მათი პრაქტიკული გამოყენება მაინც ექსპერიმენტული ეტაპით შემოიფარგლება და ჯერ ფართოდ არ გავრცელებულა. ფარმაცევტული კომპანიები უკვე იკვლევენ კვანტური ალგორითმების გამოყენებას, რათა მოლეკულების სიმულაციებით წამლების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარონ, თუმცა ეს ჯერ კიდევ კვლევითი ფაზაა. ფინანსურ სფეროში ბანკები ატარებენ საპილოტე პროექტებს რისკების უკეთ შესაფასებლად და ბაზრის პროგნოზირებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ძირითადი მეთოდები მაინც ტრადიციულია. ენერგეტიკის სექტორშიც მიმდინარეობს კვლევები კომპლექსური ელექტროგადამცემი ქსელების ოპტიმიზაციისთვის, მაგრამ ფართოდ დანერგვა ჯერჯერობით არ მომხდარა. სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში კი კვანტური კომპიუტერების უნარი რთული დაშიფრული ინფორმაციის სწრაფად გაშიფვრასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, უფრო თეორიულ დონეზე რჩება და მხოლოდ შეზღუდული ტესტირების სახით გამოიყენება.

ზუსტად აქ ჩნდება მთავარი კითხვაც რამდენად მზად ვართ მსოფლიო მასშტაბით ამ ტექნოლოგიისთვის, რომელიც, თეორიულად, ნებისმიერ არსებულ კრიპტოგრაფიულ დაცვას წამიერად გაანადგურებს? სწორედ ამ მიზეზით, ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვითარდება „პოსტ-კვანტური“ კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიები, რომლებსაც უკვე დღესვე იმპლემენტაციას უკეთებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft და Google.

ასე რომ, საბოლოოდ, კვანტური კომპიუტერები ციფრული სამყაროსთვის არც მხოლოდ რისკია და არც მხოლოდ შესაძლებლობა – ეს არის ტექნოლოგია, რომელიც კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპს აანონსებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, უამრავი უპასუხო კითხვით და სირთულით სავსე გზაზე.

იქნება თუ არა 2025 წელი კვანტური რევოლუციის საწყისი, თუ ეს ტექნოლოგია მხოლოდ შორეული პერსპექტივაა, რომელიც კაცობრიობას დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს? სწორედ ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხს მეცნიერები, პოლიტიკოსები და ბიზნესწრეები უახლოეს წლებში აქტიურად ეძებენ.