ინფლაცია vs რეალობა — რატომ არ ემთხვევა მაჩვენებელი ჩვენს აღქმას?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5% იყო. ამ მაჩვენებელს ხშირად განიხილავენ როგორც ინფლაციის ზომიერ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5% იყო. ამ მაჩვენებელს ხშირად განიხილავენ როგორც ინფლაციის ზომიერ დონეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წარსულ წლებში ორნიშნა ინფლაციაც გვინახავს. თუმცა, ბევრ მოქალაქეს დღესაც აქვს განცდა, რომ ყველაფერი ძვირდება. ყოველდღიური მსჯელობა ბოსტნეულის, ზეთისა და მედიკამენტების ფასებზე მხოლოდ სუბიექტური შთაბეჭდილება არ არის — ეს რეალობაა, რომელსაც ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი ყოველთვის ვერ ასახავს.
აქ იწყება მთავარი განსხვავება სტატისტიკურ მაჩვენებელსა და პირად გამოცდილებას შორის. წლიური ინფლაცია განისაზღვრება საშუალო სამომხმარებლო კალათაზე — ანუ იმ პროდუქტებზე და სერვისებზე, რომელთაც, სტატისტიკის მიხედვით, საშუალო მოქალაქე მოიხმარს. მაგრამ საქართველოში “საშუალო მოქალაქე” უფრო მეთოდოლოგიური კონსტრუქციაა, ვიდრე რეალური პიროვნება. ის ვერ ითვალისწინებს იმას, რომ პენსიონერი და ახალგაზრდა სტუდენტი სრულიად განსხვავებულ ნივთებსა და მომსახურებებს მოიხმარენ, და შესაბამისად — განსხვავებულად განიცდიან ფასების ცვლილებას.
მარტის ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი სწორედ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები იყო, სადაც ფასები 6.6%-ით არის გაზრდილი და წვლილი მთელ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტს შეადგენს. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ბოსტნეულზე ფასი გაიზარდა 21.3%-ით, ზეთზე — 16.4%-ით, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე — 14.4%-ით, მიღებული გვაქვს საკმაოდ მძიმე სურათი იმ ადამიანებისთვის, ვისიც ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ პროდუქტებზე მოდის. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომლებსაც ხშირად არჩევანი არ აქვთ და მხოლოდ აუცილებელზე ხარჯავენ ფულს, ასეთი ზრდა ბევრად უფრო მწვავედ აღიქმება, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული.
ჯანდაცვის ჯგუფშიც ფასების ზრდა მაღალია — 8.8%. სამედიცინო მომსახურება, პროდუქცია და საავადმყოფოს ხარჯები გაძვირდა დაახლოებით 7-9% ფარგლებში. ეს მტკივნეულია განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ხშირად უწევთ ამ ხარჯების გაწევა. ინფლაციის ოფიციალურ კალათაში ამ ჯგუფს მხოლოდ 0.74 პროცენტული პუნქტის წვლილი აქვს, თუმცა კონკრეტულ მოქალაქისთვის ეს შესაძლოა მთლიანი ინფლაციის ტოლფასი ტვირთი აღმოჩნდეს.
იმავდროულად, არსებობენ კატეგორიები, სადაც ფასები მცირდება — მაგალითად, კავშირგაბმულობაში ფასები 12.4%-ით დაეცა. თუმცა ეს ვარდნა ბევრს საერთოდ არ შეემჩნევა. პირობითად, თუ ადამიანს არ უცვლის ინტერნეტის ან მობილური ტარიფის პროვაიდერი პაკეტს და მისი ხარჯები იგივე რჩება, ფასის ვარდნა სტატისტიკაში მის ქცევაზე არ აისახება. ასე ხდება მაშინაც, როცა ინფლაცია აირეკლავს ფასების შემცირებას ისეთი პროდუქტებისთვის, რომელთაც კონკრეტული სეგმენტი საერთოდ არ მოიხმარს.
ასევე მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად საცხოვრებელი ხარჯები, რომელთა ზრდა რეალურად იგრძნობა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ქირის ბაზარზე. თუმცა ოფიციალურ მაჩვენებელში ეს მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აისახება. შესაბამისად, ახალგაზრდა მოსახლეობა, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობს და ბინის ქირაში შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს, ინფლაციას უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე თავად მაჩვენებელი მიუთითებს.
შედეგად, ვიღებთ პარადოქსს: ინფლაცია შეიძლება იყოს სტატისტიკურად დაბალი, მაგრამ სუბიექტურად მაღალი. მოქალაქეები გრძნობენ ზეწოლას კონკრეტულ ხარჯებზე — სურსათი, წამლები, ქირა, ბენზინი — და მათი ყოველდღიური ფინანსური მდგომარეობა არ ემთხვევა “საშუალო” მომხმარებლის კალათას. ამ განცდასა და სტატისტიკას შორის დისბალანსი ქმნის უნდობლობას მაჩვენებლის მიმართ და აჩენს კითხვას — ვისთვის იანგარიშება ინფლაცია?
შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი კი არა, სოციალური ფენომენია. ის გვიჩვენებს, ვის როგორ ეხება ეკონომიკური ცვლილებები და ვინ არის უფრო დაუცველი ბაზარზე ფასების ცვლილების პირობებში. ამიტომ, სანამ 3.5%-იან ინფლაციას “დაბალ მაჩვენებლად” მივიჩნევთ, საჭიროა გავითვალისწინოთ — ვის წაართვა ამ 3.5%-მა ყოველდღიური სიმშვიდე და რამდენად თანაბრად ნაწილდება ეკონომიკური ტვირთი ჩვენს საზოგადოებაში.