ანალიტიკა

ევროპა სავაჭრო ომის წინაშე – როგორ აპირებს ბრიუსელი პასუხის გაცემას?

ევროპის ქვეყნებს შორის განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური შეხედულებები ხშირად ართულებს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, როცა საქმე ეხება ვაშინგტონისგან მომდინარე

ევროპა სავაჭრო ომის წინაშე – როგორ აპირებს ბრიუსელი პასუხის გაცემას?

ევროპის ქვეყნებს შორის განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური შეხედულებები ხშირად ართულებს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, როცა საქმე ეხება ვაშინგტონისგან მომდინარე სავაჭრო ზეწოლას, ევროკავშირი ცდილობს ერთიან პოზიციას შეინარჩუნოს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ემუქრება ევროკავშირს მძიმე ტარიფებით, რაც შესაძლოა სერიოზულ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვიოს.

დონალდ ტრამპმა იანვრის ბოლოს მკვეთრად განაცხადა, რომ ევროკავშირი არ იღებს საკმარისად ამერიკულ საქონელს, განსაკუთრებით მანქანებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რაც ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის  სისუსტედ შეაფასა. ეს განცხადება სწრაფად აისახა ფინანსურ ბაზრებზე – ევროს კურსმა დოლარის მიმართ 1%-ით იკლო, ხოლო ევროპული საფონდო ბირჟების ინდექსებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა.

ევროკავშირის ტრადიციული პასუხი ასეთ სიტუაციებში ტარიფების ანალოგიური ზომებით საპასუხო დაწესებაა. მაგალითად, 2018 წელს, როცა ტრამპმა ამერიკაში ლითონის იმპორტზე შეზღუდვები შემოიღო, ევროკავშირმა საპასუხოდ მიზანმიმართული ტარიფები დააწესა ისეთ ამერიკულ პროდუქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ტრამპის ამომრჩევლისთვის. დღეს ევროკავშირს მსგავსი ნაბიჯებისთვის ახალი მექანიზმებიც გააჩნია, მათ შორის „ანტი-შანტაჟის ინსტრუმენტი“, რომელიც სწრაფ საპასუხო ტარიფებს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნები ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლას განახორციელებენ.

ამჯერადაც, ბრიუსელს უკვე შემუშავებული აქვს საპასუხო ნაბიჯების გეგმა, თუმცა ის ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სავარაუდოდ, ევროკავშირი კვლავ იმავე მიდგომას გამოიყენებს – ტარიფების ეტაპობრივი ამოქმედება, რაც ტრამპის ადმინისტრაციას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.

თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები. პირველ რიგში, თუ ტრამპი 10-20%-იანი ტარიფის დაწესებას გადაწყვეტს, ევროკავშირს მოუწევს ან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გზით გრძელი სამართლებრივი პროცესის გავლა, ან ახალ, უშუალოდ ამერიკისთვის განკუთვნილ კანონის მიღება. გარდა ამისა, ტარიფების დაწესება სავაჭრო ომის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა მთელ გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს. WTO-ის ხელმძღვანელი, ნგოზი ოკონჯო-ივეალა, უკვე მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ალტერნატიული გზები მოძებნონ და სავაჭრო ომი თავიდან აიცილონ.

ევროკავშირი, სავარაუდოდ, შეეცდება ტრამპის ადმინისტრაციას გარკვეული დათმობებით დაამშვიდოს. ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს მეტი ამერიკული გაზის და იარაღის შესყიდვა. ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკვე საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი მზადაა მნიშვნელოვნად გაზარდოს ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, განსაკუთრებით რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამავე დროს, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, რაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შესაძლოა ამერიკული შეიარაღების შესყიდვის პირობებში განხორცილდეს.

მეორე შესაძლო კომპრომისული ნაბიჯი არის ჩინეთის საკითხი. ამერიკა უკვე ამკაცრებს სავაჭრო პოლიტიკას ჩინეთის მიმართ და თუ ევროკავშირი მეტ შეზღუდვებს დაუწესებს ჩინურ კომპანიებს, ეს შეიძლება ერთგვარი სიგნალი გახდეს ტრამპისთვის, რომ ბრიუსელი მზადაა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისთვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ტრამპს ყოველთვის აღელვებდა, არის ევროპული ქვეყნების სავაჭრო დადებითი სალდო აშშ-ის მიმართ. განსაკუთრებით, ეს გერმანიას ეხება, რომელიც დიდი ხანია ამერიკასთან სავაჭრო დადებითი ბალანსით სარგებლობს. ბრიუსელი შესაძლოა ტრამპს შესთავაზოს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმუშავებენ სავაჭრო დაბალანსებაზე, მაგალითად, შიდა მოხმარების წახალისების გზით.

ტრამპმა უკვე დააანონსა, რომ ევროკავშირი მისი შემდეგი სავაჭრო ომის სამიზნეა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, სადაც ორივე მხარე გარკვეულ „დრამატულ“ ნაბიჯებს გადადგამს. ტრამპი მოითხოვს ამერიკული ეკონომიკის გამარჯვებას ევროპასთან შედარებით, ხოლო ევროკავშირის ლიდერები იბრძოლებენ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.

ბრიუსელს კარგად ესმის, რომ გარედან მოსული საფრთხე ყოველთვის აერთიანებს ევროკავშირს. სავარაუდოა, რომ ეს სავაჭრო დაპირისპირება ევროპას აიძულებს უფრო სწრაფად გადადგას ნაბიჯები ეკონომიკის გამყარების, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით. თუმცა, მთავარი კითხვაა – შეძლებს თუ არა ევროკავშირი მოლაპარაკებებით თავიდან აიცილოს დიდი ეკონომიკური დაპირისპირება, რომელიც მთელ გლობალურ ბაზარზე სერიოზულ გავლენას მოახდენს?

მომზადებულია – ჟურნალ „ეკონომისტის“ მასალების მიხედვით