ანალიტიკა

გიგ-ეკონომიკა საქართველოში: როგორ ვითარდება დროებითი დასაქმების პლატფორმები და რა გავლენა აქვს მათ შრომის ბაზარზე

გიგ-ეკონომიკა გულისხმობს დასაქმების იმ ფორმას, როდესაც პირი ასრულებს მოკლევადიან, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სამუშაოს — ხშირ შემთხვევაში ციფრული პლატფორმების მეშვეობით. მსგავსი

გიგ-ეკონომიკა საქართველოში: როგორ ვითარდება დროებითი დასაქმების პლატფორმები და რა გავლენა აქვს მათ შრომის ბაზარზე

გიგ-ეკონომიკა გულისხმობს დასაქმების იმ ფორმას, როდესაც პირი ასრულებს მოკლევადიან, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სამუშაოს — ხშირ შემთხვევაში ციფრული პლატფორმების მეშვეობით. მსგავსი მოდელი უკვე მყარად იკიდებს ფეხს საქართველოშიც. ადგილობრივი და საერთაშორისო სერვისები, როგორებიცაა Wolt, Bolt, Glovo, Freelancer, Upwork და სხვა პლატფორმები, ქმნიან ახალ სივრცეს, სადაც ტრადიციული შრომითი კონტრაქტები და ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი შეცვლილია შეკვეთაზე მუშაობით და მოქნილი განაკვეთით.

საქართველოში გიგ-სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა სტატისტიკურად ჯერ კიდევ ბუნდოვანია. დასაქმების ეს ფორმა, როგორც წესი, არ რეგისტრირდება ოფიციალურად, რაც ქმნის მონაცემების ნაკლებობას და ართულებს მასშტაბის შეფასებას. მაგალითად, საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, თვითდასაქმებულთა წილი მთლიანად დასაქმებულთა 46%-ს აღემატებოდა, თუმცა აქ არ ხდება გიგ-დასაქმებულების გამოყოფა ცალკე კატეგორიად. ამას ემატება ისიც, რომ გიგ-პლატფორმებზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობა არა ინდივიდუალურ მეწარმედ, არამედ არაფორმალურად საქმიანობს, რაც სახელმწიფოს უტოვებს შემოსავლის, კონტრიბუციებისა და რეგულაციის მიღმა.
გიგ-დასაქმება განსაკუთრებით პოპულარულია მსუბუქი ტრანსპორტით მომსახურების სფეროში, კურიერები და მძღოლები პლატფორმებზე აწვდიან მომსახურებას და ხელფასი გამომდინარეობს შესრულებული დავალებების რაოდენობიდან. მაგალითად, თბილისში კურიერის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი Wolt-სა და Bolt Food-ზე მერყეობს 1200–2000 ლარის ფარგლებში, თუმცა ეს დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე, საათობრივ დატვირთვაზე, ბონუს სისტემასა და სეზონურობაზე. ბევრი მათგანი დღეში 8–10 საათზე მეტს მუშაობს სტაბილური შემოსავლის მისაღებად.

სხვაგვარი სურათია ციფრულ გიგ-პლატფორმებზე (Freelancer, Upwork), სადაც მომხმარებლები გლობალურ ბაზარზე მუშაობენ ტექსტზე, დიზაინზე, პროგრამირებაზე ან სხვა სერვისებზე. აქ შემოსავლის დივერსიფიცირება უფრო მაღალია, მაგრამ კონკურენცია — გლობალური. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პროფესიის მქონე სპეციალისტებისთვის ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, სრულფასოვან სოც. გარანტიებს ან სტაბილურობას ვერ ცვლის.

გიგ-ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად იმატებს გამოწვევებიც. პლატფორმებზე მომუშავე პირები არ იღებენ შრომით კანონმდებლობაზე დაფუძნებულ დაცვას: არ არსებობს ანაზღაურებადი შვებულება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ორსულობის ან დროებითი შრომისუუნარობის მხარდაჭერა. ასევე არ იხდიან სავალდებულო საპენსიო შენატანებს, რაც მათ მომავალ სოციალურ უსაფრთხოებაზე აისახება.

რეგულაციების ნაკლებობა ქმნის სისტემურ გაურკვევლობას. საქართველოში ჯერ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გიგ-დასაქმებულებს ცალკე სტატუსს ანიჭებს. განსხვავებით ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან, სადაც მიმდინარეობს დისკუსია გიგ-კომპანიების დამსაქმებლად აღიარებაზე და მინიმალური სოციალური გარანტიების დაწესებაზე, საქართველოში აღნიშნული საკითხები ჯერ არ დგას დღის წესრიგში.
გიგ-ეკონომიკა ერთის მხრივ ქმნის ახალ შესაძლებლობებს თვითდასაქმებისთვის და სთავაზობს მოქნილ შრომის რეჟიმს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ აქვს წვდომა ტრადიციულ ბაზარზე — ახალგაზრდები, სტუდენტები, პროფესიის შეცვლის მსურველები. თუმცა ის აგრეთვე ქმნის დაბალ სტაბილურობას, შეზღუდულ სოციალურ დაცვის მექანიზმებს და ბუნდოვან საზღვრებს პასუხისმგებლობასა და შრომით უფლებებს შორის.