ახალი ცივი ომი? აშშ-სა და ჩინეთის ტექნოლოგიური შეჯიბრი
აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და თანამედროვე გეოპოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა. ეს კონკურნეცია მოიცავს ისეთ
აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და თანამედროვე გეოპოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა. ეს კონკურნეცია მოიცავს ისეთ კრიტიკულ სექტორებს, როგორიცაა ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კვანტური კომპიუტერები, რაც გლობალურ გაერთიანებებს და ინოვაციის მიმართულებებს რადიკალურად ცვლის. ამ კონკურენციას საფუძვლად უდევს არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნები, არამედ ტექნოლოგიების როლისადმი განსხვავებული იდეოლოგიები.
ნახევარგამტარების ბაზარი ტექნოლოგიური შეჯიბრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპარეზად იქცა. ეს მიკროჩიპები აუცილებელია თანამედროვე ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსთვის, დაწყებული სმარტფონებიდან, დასრულებული სამხედრო სისტემებით. აშშ ისტორიულად ლიდერობდა ნახევარგამტარების დიზაინის ნაწილში, თუმცა წარმოება ძირითადად კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით ტაივანში. გლობალური მიწოდების ჯაჭვების სირთულეების გაცნობიერებით, აშშ-მ მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები შიდა წარმოებაში. 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ტაივანის TSMC-ისთვის $6.6 მილიარდის სუბსიდია გამოყო, რათა ფენიქსში, არიზონაში, საწარმოო ობიექტი გაეძლიერებინა. ამ ნაბიჯით აშშ მიზნად ისახავს უცხოურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირებას, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ამავდროულად, ჩინეთი მილიარდებით აფინანსებს თავის ნახევარგამტარების ინდუსტრიას თვითკმარი წარმოების მისაღწევად, თუმცა ის კვლავაც უცხოურ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული მოწინავე ჩიპების წარმოებისთვის. TSMC-ის მიერ ჩინეთის ზოგიერთი კლიენტისთვის წარმოების შეჩერება აშშ-ის ექსპორტის შეზღუდვების გამო ხაზს უსვამს პეკინის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში ორივე ქვეყანა მაქსიმალურ ძალისხმევას დებს. ჩინეთი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ძლიერი ელექტრონული სექტორისა და დიდი მონაცემების წყალობით. Baidu-ს AI-ზე დაფუძნებული ჭკვიანი სათვალეები ჩინეთის ინოვაციურობის მაგალითია. თუმცა, მოწინავე ჩიპებზე აშშ-ის დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩინეთის უნარი, განევითარებინა თანამედროვე სამეტყველო მოდელები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის მოწყვლადობას საგარეო ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, აშშ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას, რაც უნივერსიტეტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ძლიერი ეკოსისტემით არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, ეთიკური და მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხები შესაძლოა მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს.
კვანტური კომპიუტერების სფერო ტექნოლოგიური შეჯიბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია. ორივე ქვეყანა აცნობიერებს მის პოტენციალს რევოლუცია მოახდინოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიპტოგრაფია და ფარმაცევტიკა. აშშ-მ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა განავითარა ლიდერობის შესანარჩუნებლად, მაშინ როცა ჩინეთმა მნიშვნელოვანი მიღწევები ნახა კვანტური კომუნიკაციების მიმართულებით. ამ პროგრესს ორივე მხარე უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ეს ტექნოლოგიური შეჯიბრი გავლენას არამხოლოდ აშშ-სა და ჩინეთზე ახდენს. გლობალური მიწოდების ჯაჭვები და საერთაშორისო ალიანსები სულ უფრო მეტად განიცდიან ამ კონკურენციიის შედეგებს. აშშ აქტიურად ამყარებს პარტნიორობას იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან, რათა განავითაროს 6G ტექნოლოგიები. ამავდროულად, ჩინეთი, სავარაუდო სავაჭრო კონფლიქტების წინასწარ გათვალისწინებით, აფუძნებს “უცხოური სანქციების საწინააღმდეგო კანონს” და “არასაიმედო სუბიექტების სიას”, რაც საშუალებას აძლევს მას, საპასუხო სანქციები დაუწესოს უცხოურ კომპანიებსა და მთავრობებს.
მთლიანობაში, აშშ-სა და ჩინეთის ტექნოლოგიური კონკურენცია სცდება ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებს. ეს გლობალური გავლენისთვის ბრძოლაა სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად არის ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. რბოლის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებზე, უსაფრთხოების სისტემებსა და ინოვაციის განვითარებაზე.