ანალიტიკა

შავი თუ წითელი? რა განაპირობებს ხიზილალის ფასს?

ხიზილალა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროდუქტია, რომლის ღირებულება შეიძლება ასობით ან ათასობით დოლარს აღწევდეს. თუმცა, ყველა ხიზილალა ერთნაირი არაა –

შავი თუ წითელი? რა განაპირობებს ხიზილალის ფასს?

ხიზილალა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროდუქტია, რომლის ღირებულება შეიძლება ასობით ან ათასობით დოლარს აღწევდეს. თუმცა, ყველა ხიზილალა ერთნაირი არაა – არსებობს ტრადიციული, ზუთხის ხიზილალა და მისი ალტერნატივები, რომელთა ფასები და თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგრამ რატომ არის ერთი ძვირი და მეორე ხელმისაწვდომი? და როგორია საქართველოს ხიზილალის იმპორტის დინამიკა ბოლო წლებში?

ტრადიციული შავი ხიზილალა ზუთხის სახეობებიდან მიიღება და სწორედ ის ითვლება ნამდვილ ელიტარულ პროდუქტად. მისი ფასი მაღალია რამდენიმე მიზეზის გამო. ზუთხის ზრდას 10-15 წელი სჭირდება, სანამ ხიზილალის წარმოება შესაძლებელი გახდება. ველური ზუთხის რაოდენობა შემცირებულია, რის გამოც მის მოპოვებაზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. პრემიუმ კულინარიულ სამყაროში ზუთხის ხიზილალა ფასობს უნიკალური ტექსტურისა და მდიდარი გემოს გამო.

ამასთან, არსებობს ხიზილალის შემცვლელები, რომლებიც ძირითადად ორაგულის (წითელი ხიზილალა) და სხვა თევზის (მაგალითად, თინუსის, კობრის, ტობიკოს) ხიზილალას მოიცავს. მათი ღირებულება გაცილებით დაბალია, რადგან მათი წარმოება სწრაფია – ორაგულისა და სხვა სახეობების ზრდას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. მოთხოვნა მასობრივია, მაგრამ ნაკლებად პრესტიჟული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხიზილალა პოპულარულია, მას არ აქვს იგივე სტატუსი, როგორც ზუთხის. თუმცა შემცვლელები ყოველთვის წითელი არ არის. ზოგი სახეობა, მაგალითად, ლამპრინის ან ბაფინის ხიზილალა, შავი ფერისაა და ვიზუალურად ზუთხის ხიზილალას ჰგავს. ტობიკო კი სხვადასხვა ფერში გვხვდება, მათ შორის ნარინჯისფერი, შავი, მწვანე და ყვითელი.

საქართველოს ხიზილალის იმპორტი (Geostat-ის მონაცემებით) აჩვენებს მკვეთრ სხვაობას ორ კატეგორიას შორის. 2015-2024 წლების მანძილზე ზუთხის ხიზილალას იმპორტი სტაბილურად დაბალი რჩება, წელიწადში დაახლოებით 50-180 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი მომხმარებლები ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე პირები და ელიტარული რესტორნებია.

მეორეს მხრივ, შეცვლელების იმპორტი ბევრად უფრო მასშტაბურია. 2022 წელს იმპორტმა პიკს მიაღწია და 2.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წელს 1.8 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2024 წლის მონაცემებით, 1.5 მილიონ დოლარამდე დაეცა.