ფოთის პორტი რეკორდულ ტემპში: კონტეინერების და ავტომობილების ისტორიული მატება საქართველოს ლოგისტიკურ პოტენციალს უსვამს ხაზს
2025 წლის მაისში ფოთის პორტში არსებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი რეალურად იზრდება და

2025 წლის მაისში ფოთის პორტში არსებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი რეალურად იზრდება და რეგიონული ცენტრის როლს განაგრძობს. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, მაისში 58 629 TEU კონტეინერი იქნა დამუშავებული, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. აღნიშნული შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ხშირად ლოგისტიკური ნაკადების გადანაწილებას იწვევს.
იანვრიდან მაისის ჩათვლით, ფოთის პორტმა მთლიანობაში 255 944 TEU კონტეინერის დამუშავება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით მეტია — ეს კი ნიშნავს, რომ ლოგისტიკური ბრუნვა დინამიკურად იზრდება და პორტის ინფრასტრუქტურა ეფექტურად პასუხობს გაზრდილ მოთხოვნებს. მაისში პორტმა 32 საკონტეინერო გემი მიიღო, რაც აპრილთან (27 გემი) და მარტთან (30 გემი) შედარებითაც ზრდას ნიშნავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს რა ფოთის პორტის მზარდ დატვირთვას.
განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სეგმენტში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმი: მაისში 2527 კონტეინერით 7 513 ავტომობილი დამუშავდა, რაც წინა თვეების მაჩვენებლებთან შედარებით აშკარა ზრდაა (მარტი — 6 134, აპრილი — 6 310 ავტომობილი). ამასთან, გასული წლის მაისთან შედარებით, როდესაც 6 709 ავტომობილი დამუშავდა, ზრდა დაახლოებით 12%-ია. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იქცევა ავტომობილების ტრანზიტისა და დისტრიბუციის რეგიონულ ჰაბად, რაც ხელს უწყობს როგორც პორტის შემოსავლების ზრდას, ისე ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას.
კონტეინერების და ავტომობილების გადამუშავების ასეთი დინამიკა მეტყველებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების ზრდაზე, ეფექტურ მართვაზე და საქართველოში ტრანზიტის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ამგვარი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ფოთი მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ცენტრი გახდება, რაც ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან უპირატესობებს ქმნის.