საქართველოს შრომის ბაზრის ავტომატიზაციის რისკები: ვინ შეიძლება დაზარალდეს ყველაზე მეტად?
ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის სწრაფი გავრცელება ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ დებატად იქცა თანამედროვე შრომის ბაზარზე. კითხვა „ვინ შეიძლება დაზარალდეს ყველაზე

ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის სწრაფი გავრცელება ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ დებატად იქცა თანამედროვე შრომის ბაზარზე. კითხვა „ვინ შეიძლება დაზარალდეს ყველაზე მეტად?“ უკვე არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის თეორიული განხილვა — ეს არის პრაქტიკული გამოწვევა, რომლის წინაშეც როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები დგანან.
ILO-ს (გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი რისკი აქვთ იმ პროფესიულ ჯგუფებს, სადაც სამუშაო პროცესი ძირითადად შედგება განმეორებითი, რუტინული და ადვილად ავტომატიზებადი ამოცანებისგან. განსაკუთრებით მოწყვლადია „ოფისის მხარდამჭერი“ პოზიციები – ადმინისტრატორები (Receptionists), კლიენტთა მომსახურების თანამშრომლები, მონაცემთა შემყვანები, ბანკის ოპერატორები და სხვა მსგავსი სამუშაოები.
გლობალური პერსპექტივა და რისკების მასშტაბი
ILO-ს შეფასებით, მსოფლიოში მხოლოდ დაახლოებით 2.3% სამუშაო ადგილებისა (დაახლოებით 75 მილიონი) ექვემდებარება სრულად ავტომატიზაციას, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა გარდაიქმნება 2030 წლამდე და არა სრულად გაქრება. ანუ AI და სხვა ტექნოლოგიები შეასრულებენ პროცესის ნაწილს, მაგრამ კვლავ დარჩება ადამიანური ჩარევის აუცილებლობა.
აშშ–ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემები ცხადყოფს, რომ მაღალი რისკის ქვეშ რჩება არა მხოლოდ ოფისის, არამედ ფიზიკური შრომის რუტინული პროფესიებიც — სწრაფი კვების მუშაკები, დამლაგებლები, სატვირთო და ტრაილერების მძღოლები, საწყობის მუშაკები და სხვები (წყარო: bls.gov). ეს სამუშაოები, როგორც წესი, მოიცავს განმეორებით მექანიკურ ან მომსახურების ტიპის ამოცანებს, რომელთა შესრულება ტექნოლოგიამ შეიძლება სწრაფად აითვისოს.
როგორ შევაფასეთ საქართველოს რისკები?
საქართველოს მონაცემები დაყრდნობილია საქსტატის შრომის ძალის კვლევის ბაზაზე, რომელიც დასაქმებულთა დეტალურ მონაცემებს გვაწვდის პროფესიული ჯგუფების მიხედვით, საერთაშორისო პროფესიული კლასიფიკაციის (ISCO) ჩარჩოში. ამ მონაცემების გამოყენებით საქართველოს სამუშაო ძალა დაიყო მაღალი, საშუალო და დაბალი ავტომატიზაციის რისკის კატეგორიებად, სადაც თითოეული ძირითადი პროფესიული ჯგუფი შეესაბამა ILO-სა და აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს შეფასებებს, რაც უზრუნველყოფს შედეგების შესაბამისობას ქვეყნის რეალურ დასაქმების სტრუქტურასთან.
- მაღალი რისკი – სამუშაოები, სადაც ჭარბობს რუტინული ადმინისტრაციული ან სამანქანო დანადგარების ოპერაციის ტიპის დავალებები: მდივნები, კაშირების ოპერატორები, მონაცემთა შემყვანები, მძღოლები, დამლაგებლები, სამანქანო დანადგარების ოპერატორები.
- საშუალო რისკი – პროფესიები, სადაც რუტინული ამოცანები შერწყმულია ადამიანური ურთიერთობის უნარებთან ან ფიზიკურ ოსტატობასთან: გამყიდველები, მიმტანები, ფერმერები, ხელობის ოსტატები, მშენებლები.
- დაბალი რისკი – მაღალი კოგნიტური ან შემოქმედებითი უნარების მოთხოვნით: მენეჯერები, ინჟინრები, მასწავლებლები, ექიმები, IT სპეციალისტები.
დასაქმებულთა განაწილება საქართველოში ავტომატიზაციის რისკის მიხედვით
დასაქმების ტიპი | მაღალი რისკი | საშუალო რისკი | დაბალი რისკი |
ყველა დასაქმებული | 23.9% (~335 ათ.) – მდივნები, ბანკის ოპერატორები, მონაცემთა შემომყვანები, სამანქანო დანადგარების ოპერატორები, მძღოლები, დამლაგებლები | 42.3% (~594 ათ.) – გამყიდველები, მიმტანები, ფერმერები, ხელობის ოსტატები, მშენებლები | 33.7% (~473 ათ.) – მენეჯერები, ინჟინრები, მასწავლებლები, ექიმები, ICT სპეციალისტები |
დაქირავებული თანამშრომლები | 30.0% (~288 ათ.) | 25.8% (~248 ათ.) | 44.2% (~424 ათ.) |
სექტორების მიხედვით რისკების განაწილება
პროფესიული ჯგუფების გარდა, ავტომატიზაციის ზეწოლა მკვეთრად განსხვავდება ეკონომიკური სექტორების მიხედვითაც. მაღალი რისკის პროფესიები განსაკუთრებით კონცენტრირებულია შემდეგ სფეროებში:
- საჯარო ადმინისტრაცია და ფინანსები – ადმინისტრაციული პოზიციების დიდი წილი, სადაც მონაცემთა დამუშავება და საბუთების მართვა შეიძლება ავტომატიზირდეს.
- სატრანსპორტო და ლოგისტიკა – მძღოლები, სამანქანო დანადგარების ოპერატორები და საწყობის მუშაკები, რომელთა სამუშაო პროცესს უკვე ცვლის სატრანსპორტო ავტომატიზაცია და რობოტიზებული საწყობები.
- დასუფთავების სერვისები – დამლაგებლები და საოჯახო მომსახურების მუშაკები, სადაც ტექნოლოგიური ჩანაცვლება ნაკლებად მასშტაბურია, მაგრამ სერვისის ნაწილობრივი ავტომატიზაცია უკვე ხდება.
საშუალო რისკის პროფესიები ყველაზე მეტად გავრცელებულია ვაჭრობაში, საკვების მომსახურებაში და სოფლის მეურნეობაში — აქ ტექნოლოგია ცვლის პროცესის ნაწილს (მაგალითად, თვითმომსახურების კიოსკები ან სენსორული სარწყავი სისტემები), მაგრამ მთლიანად ვერ ანაცვლებს ადამიანურ შრომას.
დაბალი რისკის პროფესიები განსაკუთრებით კონცენტრირებულია განათლებაში, ჯანდაცვაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და მენეჯმენტში — აქ გადაწყვეტილებების მიღება, კრეატიულობა და სოციალური ინტელექტი რჩება ტექნოლოგიურად რთულად ჩანაცვლებად კომპონენტებად.
რას გვიყვება ეს ციფრები?
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს შრომით ბაზარზე დაახლოებით მეოთხედი სამუშაო ადგილი შეიძლება აღმოჩნდეს მაღალი რისკის ქვეშ 2030 წლამდე. განსაკუთრებით მოწყვლადია ის სექტორები, სადაც დასაქმებულია მრავალი ადმინისტრაციული თანამშრომელი, სატრანსპორტო ოპერატორი ან დამლაგებელი.
მნიშვნელოვანია, რომ დაქირავებულთა შორის მაღალი რისკის წილი 30%-მდე იზრდება — ეს იმით აიხსნება, რომ ფორმალურ დასაქმებაში უფრო ხშირია ადმინისტრაციული და სამანქანო დანადგარების ოპერატორული პოზიციები. შესაბამისად, ავტომატიზაციის ზეწოლა შეიძლება აქ იყოს ყველაზე ინტენსიური.
საშუალო რისკის სამუშაოები ყველაზე ფართო კატეგორიაა – მოიცავს თითქმის შრომითი ბაზრის ნახევარს. აქ ავტომატიზაცია შეამცირებს რუტინულ ნაწილს, მაგრამ ადამიანური უნარები – განსაკუთრებით კომუნიკაცია, ემპათია, შემოქმედებითი მიდგომა – გადამწყვეტად რჩება.
დაბალი რისკის კატეგორიაში მყოფი სამუშაოები მოიცავს ისეთ როლებს, რომლებიც მაღალი ხარისხის გადაწყვეტილების მიღებას, ანალიტიკურ აზროვნებას და სპეციალიზებულ ცოდნას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ AI მათზეც მოახდენს გავლენას, ეს გავლენა უფრო ტრანსფორმაციული იქნება, ვიდრე ჩანაცვლების.
რატომ არ ნიშნავს ავტომატიზაცია აუცილებლად უმუშევრობას?
ILO ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად გაუჩინარებული პროფესიული ჯგუფები მომავალშიც იშვიათი იქნება. უფრო სავარაუდოა, რომ სამუშაოები გარდაიქმნება 2030 წლამდე — ანუ ავტომატიზაცია შეასრულებს იმ დავალებებს, რომლებიც ადრე ადამიანებს ბევრ დროს ართმევდა, ხოლო თანამშრომლები კონცენტრირდებიან უფრო რთულ და ღირებულ საქმიანობაზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესების დიდი ნაწილი ოპერირებს სერვისსა და ვაჭრობაზე დაფუძნებულ სექტორებში. ამ კომპანიებისთვის AI შეიძლება გახდეს არა საფრთხე, არამედ პროდუქტიულობის ამაღლების ინსტრუმენტი — თუ მოხდება დროული გადამზადება და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია.
პოლიტიკის გამოწვევები და რეკომენდაციები
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გარდაქმნის თანმხლები სოციალური და ეკონომიკური რყევები მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ქვეყნები დროულად იწყებენ შემდეგ ნაბიჯებს:
- გადამზადება (up-skilling) – თანამშრომლებისთვის ახალი ტექნოლოგიური და ციფრული უნარების განვითარება.
- კარიერული მობილობა (re-skilling) – მაღალი რისკის პოზიციებიდან დაბალი რისკის პროფესიებზე გადასვლის შესაძლებლობების შექმნა.
- სოციალური დიალოგი – სახელმწიფოსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა სამომავლო რისკების მართვაზე.
საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება ოფისის მხარდამჭერი როლების, სატრანსპორტო და დასუფთავების სექტორების დასაქმებულთა მხარდაჭერა. სწორედ აქ შეიძლება ავტომატიზაციის გავლენა იყოს ყველაზე სწრაფი და მწვავე.