საქართველოს ეკონომიკური პროგნოზების ანალიზი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ აპრილში გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის შესახებ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სტაბილური განვითარებისა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ აპრილში გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის შესახებ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ამავე დროს, გლობალური რისკების ზეგავლენის ერთდროულობას. პროგნოზის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია რეგიონულ და გლობალურ ფონსა და გაურკვევლობებზე გათვალისწინებით. ამავდროულად, 2026 წლისთვის ზრდის ტემპის 5%-მდე შენელება უკვე მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა იმყოფება გარდამავალ ეტაპზე — სწრაფი პოსტპანდემიური აღდგენისგან შედარებით უფრო სტაბილურ და გრძელვადიან სტრუქტურულ ტრაექტორიაზე გადასვლის პროცესში.
თუმცა, პროგნოზის ოპტიმიზმის მიღმა ADB პირდაპირ მიუთითებს გარკვეულ რისკებზე, რომელთა გააქტიურება 2026 წელს ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. პირველი და უმთავრესი გამოწვევა უკავშირდება მომსახურების სექტორის დინამიკის შესუსტებას. 2022-2024 წლებში ეს სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ნაწილობრივ რეგიონული მიგრაციის, ნაწილობრივ კი ტურიზმის და ციფრული მომსახურების ექსპორტის ზრდის ხარჯზე. მაგრამ 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ამ ტემპის შემცირება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მიღწეულ დონეზე ეკონომიკის “გაწონასწორება” აუცილებელი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ შემცირება მოსალოდნელია ფულად გზავნილებშიც, რაც წლების განმავლობაში საქართველოს ერთ–ერთი მთავარი ფინანსური ბუფერი იყო. ADB ვარაუდობს, რომ 2025-2026 წლებში გზავნილები შესაძლოა 10%-15%-ით შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები მაინც მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიამდე არსებულ დონეებს, შემცირება შექმნის დამატებით წნეხს როგორც მოსახლეობის მოხმარებაზე, ისე ფინანსური სექტორის ლიკვიდურობაზე.
ინფლაციის პროგნოზი აჩვენებს, რომ 2025 წელს მოსალოდნელია მისი 4%-მდე ზრდა, რაც საერთაშორისო ენერგეტიკული ფასებისა და იმპორტირებულ ინფლაციასთან იქნება კავშირში. თუმცა, 2026 წელს, ეკონომიკური აქტივობის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს — 3%-ს მიუახლოვდება, რაც სტაბილურობისკენ დაბრუნების ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს.
მრეწველობის სექტორში პროგნოზირებული ზრდის ტემპის ვარდნა 2025 წლის 4.6%-დან 2026 წლის 3.1%-მდე პირდაპირ მიუთითებს სამშენებლო აქტივობის შენელებაზე. ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული ბუმის ტალღა ნელ–ნელა გადის პიკს და მის ადგილს ნაკლებად კაპიტალმოხარჯული ზრდის წყაროები იკავებს. ეს ტრანსფორმაცია შეიძლება გრძელვადიანად პოზიტიური აღმოჩნდეს, თუ მას თან ახლავს ტექნოლოგიური ინოვაცია და წარმოების დივერსიფიკაცია.
სოფლის მეურნეობის სექტორში პროგნოზირებული 3.9%-იანი ზრდა 2025 წელს ძირითადად დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და აგრარული პრაქტიკის მოდერნიზაციასთან, მაგრამ აქაც მოსალოდნელია ტემპის შენელება — 2026 წელს 2.8%-მდე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადრეული რეფორმების შედეგები შემდგომში საჭიროებს სიღრმისეულ კონსოლიდაციას და პოლიტიკის გადახედვას.
რაც შეეხება საგარეო ვალს, ანგარიშის ერთ–ერთი დადებითი მიგნებაა მისი შემცირება მშპ–ის 25%-მდე 2025 წელს და 24.5%-მდე 2026 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ფისკალური წნეხისა და გლობალური ფინანსური ბაზრების არასტაბილურობისა, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით შეუძლია ევოლუციური ბალანსის შენარჩუნება ვალის მართვის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ეს მაკროეკონომიკური პროგნოზები მომზადებულია 2 აპრილამდე, ანუ აშშ–ის მიერ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადებამდე. ADB ანგარიშში მხოლოდ ნაწილობრივაა ასახული ამ გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა, რაც რეალურად შესაძლოა დამატებით რისკებად გადაიქცეს — განსაკუთრებით საქართველოს სავაჭრო პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან ჩინეთი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა. გლობალური ვაჭრობის შეფერხება საბოლოოდ აისახება როგორც ექსპორტზე, ისე უცხოურ ინვესტიციებზე.
საქართველოს ეკონომიკა ამ ეტაპზე ასიმილირებულია გლობალურ ტრენდებში და ADB-ის პროგნოზი გვაჩვენებს, რომ მისი ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა ეს ზრდა მყარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქვეყანა მოახერხებს ეკონომიკური მოდელის უფრო ღრმა დივერსიფიკაციას, წარმოების, ექსპორტისა და ფინანსების ჭრილში. სტრუქტურულად ძლიერი ზრდა საჭიროებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ინფუზიას, არამედ განათლებასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ სტრატეგიას — რაზეც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ საუბარია.
ADB-ის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ მომდევნო წლები საქართველოსთვის არ იქნება უბრალოდ ზრდის გაგრძელების ეტაპი. ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გაართმევს ქვეყანა თავს გლობალური რისკების მართვასა და შიდა რეფორმების გრძელვადიან გეგმებზე.