რატომ ძვირდება ადგილობრივი პროდუქცია უფრო სწრაფად — მზარდი ინფლაციის სტრუქტურა საქართველოში
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ინფლაცია საქართველოში 4 პროცენტს მიაღწია. თითქოს ზომიერი მაჩვენებელია, თუმცა მისი შემადგენლობა და დინამიკა სხვა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ინფლაცია საქართველოში 4 პროცენტს მიაღწია. თითქოს ზომიერი მაჩვენებელია, თუმცა მისი შემადგენლობა და დინამიკა სხვა რამეს აჩვენებს — ფასები უფრო სწრაფად იმატებს ადგილობრივ წარმოებაზე, ვიდრე იმპორტირებულ პროდუქტებზე, რაც სიღრმისეულ სტრუქტურულ პრობლემებზე მიანიშნებს.
წლიური ინფლაციის ფორმირებაში ყველაზე დიდი წილი აქვს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს — ფასები ამ ჯგუფში წელიწადში 10 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე ამ ჯგუფის წვლილმა 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მკვეთრად გაძვირდა ბოსტნეული (26%), ზეთი და ცხიმი (21%), ყავა, ჩაი და კაკაო (15%), პური, რძის პროდუქტები და კვერცხი — ძირითადად ადგილობრივი წარმოების საქონელი. ამავე დროს, იმპორტდამოკიდებულ ჯგუფებში, როგორიცაა ტრანსპორტი (-5.3%) ან ავეჯი (-1.4%), ფასები შემცირებულია.
ეს დისბალანსი თვალსაჩინოდ ჩანს პროდუქტების წარმოშობის მიხედვითაც: ადგილობრივი პროდუქციის ფასები უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტულის. მაგალითად, ტრანსპორტზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად იმპორტს ეყრდნობა, ფასები წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა. ამ ფონზე ადგილობრივი ჯგუფების გაძვირება მიუთითებს შიდა მიზეზებზე — როგორიცაა წარმოების ხარჯების ზრდა, დაბალი პროდუქტიულობა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები.
სხვა სეგმენტებიც ამ ტენდენციას ამყარებს. ჯანდაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით სენსიტიური სფეროა. ასევე გაძვირდა სხვადასხვა სახის მომსახურება — მაგალითად, დაზღვევა (8.7%) და ფინანსური სერვისები (5.4%).
ასეთ პირობებში, ადგილობრივი ინფლაცია გრძელვადიანად იმპორტულზე მაღალია — ეს ტენდენცია წინა წლებშიც შეინიშნებოდა, 2023 და 2024 წლების მონაცემებითაც. შიდა წარმოება ვერ უზრუნველყოფს ფასების სტაბილიზაციას, რის გამოც საბოლოო ღირებულება კვლავ მომხმარებელზე გადადის.