ანალიტიკა

ავოკადოს ბაზრის ბუმი: გლობალური ტენდენციები და საქართველოს მზარდი ინტერესი

ავოკადო ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, და ეს მხოლოდ გემოს გამო არ მომხდარა. მისმა უნიკალურმა კვებითმა ღირებულებამ,

ავოკადოს ბაზრის ბუმი: გლობალური ტენდენციები და საქართველოს მზარდი ინტერესი

ავოკადო ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, და ეს მხოლოდ გემოს გამო არ მომხდარა. მისმა უნიკალურმა კვებითმა ღირებულებამ, მრავალმხრივმა გამოყენებამ და „ჯანსაღი ცხოვრების“ პოპულარობის ზრდამ მას გლობალურ ბაზარზე გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა. დღეს ავოკადო არამარტო ლათინური ამერიკის, არამედ ევროპის, აზიისა და სხვა რეგიონების რაციონში მყარად დამკვიდრდა, ხოლო საქართველოში მისი მოხმარება რეკორდული ტემპით იზრდება.
გლობალურ ბაზარზე ავოკადოს წარმოება და ვაჭრობა უკვე წლებია სწრაფი ტემპით ვითარდება. 2023 წელს მსოფლიო ავოკადოს ბაზრის ღირებულება 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო პროგნოზების მიხედვით, 2028 წლისთვის ის 25 მილიარდ დოლარს მიაღწევს. წარმოების ზრდის უმთავრესი ფაქტორი გლობალური მოთხოვნის მუდმივი მატებაა. ამჟამად მექსიკა კვლავინდებურად ლიდერობს წარმოებით, წლიურად დაახლოებით 2.4 მილიონი ტონა ავოკადოს მოყვანით. პერუ და კოლუმბია ასევე აძლიერებენ ექსპორტს, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის ბაზრებზე.

ავოკადოს ფასები მერყეობს სეზონურობისა და მიწოდების ცვლილებების მიხედვით. მაგალითად, 2023 წელს აშშ-ის საბითუმო ბაზარზე ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 2.6-3.5 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ევროპაში – 3.0-4.2 დოლარს აღწევდა. მიუხედავად პერიოდული ფასის მერყეობისა, გრძელვადიანი ტენდენცია მაინც ზრდისკენაა მიმართული, რადგან ავოკადოს მოხმარება ფართოვდება არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში, არამედ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებშიც.
საქართველო ავოკადოს ბაზრის ახალი, მაგრამ აქტიური მოთამაშეა. თუ 2015 წელს მისი იმპორტი 179 ათასი აშშ დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 4.4 მილიონს აღემატება. იმპორტის ზრდამ 2020 წლიდან განსაკუთრებით შეინიშნა, რაც მომხმარებელთა მოთხოვნის მატებას ასახავს.

ქართულ ბაზარზე ავოკადო ძირითადად საცალო ვაჭრობით და რესტორნების მოთხოვნით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლება, მომხმარებლები მას უფრო ხშირად ამატებენ რაციონში, განსაკუთრებით ისეთი ტრენდული კერძების მოსამზადებლად, როგორიცაა გუაკამოლე, ავოკადოს ტოსტი ან სალათები.
გლობალური პროგნოზები აჩვენებს, რომ ავოკადოს ბაზარი ზრდას კვლავაც გააგრძელებს, ხოლო საქართველოშიც მისი მოხმარების ზრდა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააჩქარებს იმპორტის მოცულობის ზრდას. ავოკადო, როგორც მაღალი კვებითი ღირებულების მქონე და მოდური პროდუქტი, საქართველოს სურსათის ბაზარზე თავის ადგილს უკვე იკავებს და, როგორც ჩანს, მისი პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება.